ახალი ამბები: რეგისტრაცია აუდიტორთა რეესტრში ... - Monday, 12 September 2016 08:16
ქართული (Georgian)English(United Kingdom)

Developed by JoomVision.com


აუდიტორული მომსახურეობის ხარისხის კონტროლის სტანადარტი


I.    საერთო დებულებები

1.    სტანდარტი ადგენს, საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტოერთა საზოგადოების (“ბას”) რეგლამენტს, აუდიტით დაკავებული მისი წევრების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის (შემოწმების) განხორციელებისათვის.

2.    მომსახურეობის ხარისხის კონტროლის სისტემის შემოწმებისათვის, “ბას”-ის ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთიკის კომიტეტის მიერ იქმნება უფლებამოსილი ორგანო – კომისია 3-5 კაცის შემადგენლობით.

II.    ხარისხის კონტროლის მიზანი და ამოცანები.

1.    ხარისხის კონტროლის მიზანია იმის დადგენა:

1.1.    რამდენად შეესაბამება აუდიტორის*, როგორც აუდიტორული საქმიანობის სუბიექტის საქმიანობა აუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს და ეთიკის კოდექსის ნორმებს;

1.2.    აკმაყოფილებს თუ არა, აუდიტორის მიერ განხორციელებული სამუშაო, აუდიტორული საქმიანობის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს მათი დაცვის კუთხით;


--------------------------------------------------------
* მოიცავს “ბას”-ის წევრ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ აუდიტორული მომსახურეობა.

1.3.    ხომ არ ეწევა აუდიტორი აუდიტორულ საქმიანობას იმ სფეროში, რომელშიც სათანადო გამოცდილება არ გააჩნია;

1.4.    ხომ არ საჭიროებს აუდიტორი მნიშვნელოვან დახმარებას პროფესიული ვალდებულებების შესასრულებლად.

III.    უფლებამოსილი ორგანო – კომისია.

1.    კომისიის წევრთა რიცხოვნობას, პირად შემადგენლობას და საქმიანობის წესს, ადგენს “ბას”-ის ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთიკის კომიტეტი;


2.     “ბას-ის ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე, თანამდებობრივად შედის კომისიის შემადგენლობაში, იმავდროულად არის კომისიის თავმჯდომარე და ხელმძღვანელობს მის საქმიანობას;

3.    კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც “ბას”-ის წევრები, ისე არაწევრი სპეციალისტები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, კვალიფიციურნი არიან აუდიტის,  კონტროლისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში;

4.    კომისია ადგენს ხარისხის კონტროლის გეგმას და გრაფიკს;

5.    ხარისხის კონტროლის შედეგების საფუძველზე კომისია:
5.1.    მომსახურეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად აძლევს შესაბამის რეკომენდაციებს იმ აუდიტორებს, რომლებიც საჭიროებენ მნიშვნელოვან დახმარებას;

5.2.    უდგენს აუდიტორებს გონივრულ ვადებს მომსახურეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ახორციელებს მონიტორინგს მიცემული რეკომენდაციებისა და ვადების შესრულებაზე;

5.3.    გატარებული ღონისძიებების მიუხედავად მდგომარეობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მიმართავს ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთიკის კომიტეტის დისციპლინარული ზომების გასატარებლად;  

5.4.    ჩატარებული ხარისხის კონტროლის შედეგების ანალიზის საფუძ-ველზე შეიმუშავებს საერთო რეკომენდაციებს მომსახურეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად;

6.    შემოწმებისას შესწავლას ექვემდებარება, აუდიტორი:

6.1.    იცავს თუ არა პატიოსნების, ობიექტურობის, დამოუკიდებლობისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნებს, ეწევა თუ არა მათ მონიტორინგს;

6.2.    რამდენად კვალიფიციური და კომპეტენტურია სამუშაოს შესასრულებლად;

6.3.    იცავს თუ არა, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებს;

6.4.    აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ახორციელებს თუ არა აუდიტის დოკუმენტირებას;

6.5.    გააჩნია თუ არა, კლიენტების შერჩევისა და შენარჩუნების პროცედურები და იცავს თუ არა, აუდიტის დაგეგმვის მოთხოვნებს;

6.6.    იყენებს თუ არა გარე დახმარებას (კონსულტანტების, სპეციალისტების მომსახურეობას, მარეგულირებელი ორგანოების განმარტებებს), განსაკუთრებით რთული საკითხების გარკვევისა და გადაწყვეტილების მიღებისას;

6.7.    იცავს თუ არა, საერთაშორისო სტანდარტებითა და მარეგულირებელი ნორმებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

IV.    ხარისხის კონტროლი (შემოწმება).

1.    კონტროლს (შემოწმებას) ახორციელებს ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებელი (შემდგომში – “შემმოწმებელი”), რომელიც სახელშეკრულებო პირობებით მოწვეულია კომისიის მიერ შემოწმების ჩასატარებლად;

2.    შემოწმებამ გავლენა არ უნდა იქონიოს აუდიტორის იმიჯზე, დამოუკიდებლობასა და ინფორმაციის კონფედენციალობაზე;

3.    შემოწმების პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს:

3.1.    აუდიტის ჩატარების სამართლებრივი უფლებამოსილებისა და კომპეტენტურობის შემოწმებას;  

3.2.    ხარისხის კონტროლის შიდა/შიდასაფირმო სტანდარტებისა და პროცედურების არსებობის შემოწმებას;

3.3.    იმის დადგენას, რამდენად ეფექტურად იყენებს აუდიტორი ხარისხის კონტროლის შიდა/შიდასაფირმო სტანდარტებსა და პროცედურებს თავის საქმიანობაში;

3.4.    აუდიტის ჩატარების ყველა ეტაპის (კლიენტის მიღებით დაწყებული და აუდიტორული დასკვნის გაცემით დამთავრებული, სამუშაო დოკუმენტების გაფორმების – “ფაილინგის” ჩათვლით) პრაქტიკული განხორციელების შესაბამისობის დადგენას  აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან და მის შეფასებას;


3.5.    კადრების შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების და განსაკუთრებით რთული საკითხების გადაწყვეტის გამოყენებული სისტემის შეფასებას;

3.6.    სხვა საკითხების შემოწმებას და შეფასებას, რომლებიც მნიშვნელოვანია იმის დასადასტურებლად, რომ ხარისხის კონტროლის სისტემა რეალურად ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მომსახურეობის ხარისხის მოთხოვნილ დონეს.

4.    შემოწმების შედეგად, ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებლებმა უნდა დაადგინოს/შეაფასოს:

4.1.    ადგილი ხომ არ აქვს ისეთ სიტუაციას, როცა აუდიტორს მართალია გააჩნია ხარისხის კონტროლის შიდა/შიდასაფირმო სტანდარტები და პროცედურები, მაგრამ არ/ვერ იცავს, ან სათანადოდ არ/ვერ იცავს მათ პრაქტიკულ საქმიანობაში, რაც ეჭვქვეშ აყენებს მომსახურეობის ხარისხის საიმედოობას;

4.2.    აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ყველა არსებით ასპექტში, შემოწმებულია თუ არა, კლიენტის/მომსახურეობის მიმღების ფინანსური ანგარიშგება და აუდიტორს ჰქონდა თუ არა მოსაზრების გამოხატვის/დასკვნის გაცემის გონივრული საფუძველი;

4.3.    აუდიტორის სამუშაო დოკუმენტაცია ადასტურებს თუ არა გაცემულ დასკვნას.

5.    ხარისხის კონტროლი ხორციელდება გამოკითხვისა და გასვლითი შემოწმების გზით.

5.1.    გამოკითხვა ტარდება კომისიის მიერ შედგენილი და აუდიტორისათვის გაგზავნილი კითხვარის საფუძველზე.

5.1.1.    კომისია, დადგენილ ვადაში აუდიტორის მიერ შევსებულ და კომისიისათვის წარდგენილ კითხვარს, გასაანალიზებლად გადასცემს კომისიის მიერ სახელშეკრულებო პირობებით მოწვეულ ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებელს. ერთ შემმოწმებელს შეიძლება დაევალოს რამდენიმე კითხვარის გაანალიზება;

5.2.    გასვლით შემოწმებას ახორციელებს ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებელი ადგილზე მისვლით, რომელიც მოქმედებს კომისიის მიერ განსაზღვრული დავალების ფარგლებში.

5.2.1.    ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებელი, რომელთანაც სახელშეკრულებო საფუძველზე თანამშრომლობს კომისია, უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე პროფესიონალისათვის დამახასიათებელ მოთხოვნებს, უნდა გააჩნდეს პროფესიული და ხარისხის კონტროლის სტანდარტების სათანადო ცოდნა, უნარჩვევები და გამოცდილება კომპეტენტური შემოწმების ჩასატარებლად;

5.2.2.    გასვლითი შემოწმება უნდა ჩატარდეს კონფედენციალობის, სავალდებულოების, დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის, საკამარისობისა და კეთილგანწყობის პრინციპების დაცვით;


5.2.3.    გასვლითი შემოწმებების გეგმა დგება კომისიის მიერ. გასვლითი შემოწმება შეიძლება დაიგეგმოს აუდიტორის ინიციატივითაც;

5.2.4.    კომისია, გასვლითი შემოწმების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, აუდიტორს უგზავნის შეტყობინებას გასვლითი შემოწმების დანიშვნის შესახებ, ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებლის მითითებით, რომელიც განახორციელებს მასთან შემოწმებას.


6.    როგორც გამოკითხვის, ისე გასვლითი შემოწმების შემთხვევაში, შემოწმების შედეგებზე ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებელი ადგენს ანგარიშს.

6.1.    შემოწმების (მათ შორის კითხვარის ანალიზის) დასრულების შემდეგ, შემმოწმებელი შემოწმების შედეგებს განიხილავს აუდიტორთან და აცნობს: შემოწმების ჩატარების მიმდინარეობას; შემოწმებისას გამოვლენილ არსებით შენიშვნებს; მისი (აუდიტორის) საქმიანობის სუსტ მხარეებს და რეკომენდაციებს/წინადადებებს საქმიანობის გასაუმჯობესებლად;

6.2.    ანგარიში შედგენილი უნდა იყოს ისეთი სახით, რომ აუდიტორს დაეხმაროს ხარვეზების აღმოფხვრისა და მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარებასა და დანერგვაში;

6.3.    შემოწმების შედეგებზე შემმოწმებელი ადგენს ანგარიშს ორ ეგზემპლიარად. ერთი გადაეცემა აუდიტორს, მეორე – კომისიას.

6.4.    კომისია, განიხილავს ანგარიშს და წარუდგენს ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთიკის კომიტეტს წინადადებებს:

6.4.1.    აუდიტორისათვის 3 წლიანი ხარისხის სერტიფიკატის მინიჭების შესაძლებლობის შესახებ;

6.4.2.    აუდიტორის მიმართ დისციპლინარული ზომების გატარების შესახებ.

7.    დისციპლინარული ზომები ტარდება იმ აუდიტორების მიმართ, რომლებიც: უარს აცხადებენ გამოკითხვის გზით შემოწმებაზე; არ თანამშრომლობენ შემმოწმებელთან გასვლითი შემოწმების დროს; არ ითვალისწინებენ შემმოწმებლის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს მომსახურეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად; თავის საქმიანობაში აქვთ ისეთი სერიოზული ნაკლოვანებები, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია საგანმანათლებლო და გამაუმჯობესებელი ღონისძიებებით.

7.1.    დისციპლინარული ზომების გატარებამ, უნდა უზრუნველყოს აუდიტორის თვითშეგნების დონის ამაღლება და საქმიანობის გაუმჯობესების მოტივაცია.

7.2.    “ბას”-ის გამგეობა, ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთიკის კომიტეტის წარმოდგენებით ატარებს შემდეგ დისციპლინარულ ზომებს:

  • მითითება;
  • შენიშვნა;
  • გაფრთხილება;
  • წევრობის შეჩერება და გამოქვეყნება.


7.3.    7.2. პუნქტით გათვალისიწნებული დისციპლინარული ზომების არაეფექტურობის შემთხვევაში, გამოიყენება უმაღლესი დისციპლინარული ზომა – წევრობიდან გარიცხვა. გარიცხვა წარმოებს “ბას”-ის საერთო კრების მიერ, გამგეობის წარდგინებით.



Joomla! Template design and develop by JoomVision.com - http://www.joomvision.com